ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის გუნდმა შეხვედრა გამართა

  • ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის გუნდმა, ფოთის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობების წევრები, მცირე და საშუალო მეწარმეები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხების განხილვა და 2024 წელს განსახორციელებელი გეგმის შემუშავება. მონაწილეებმა ასევე შეაფასეს საჯარო-კერძო დიალოგის არსებული პრაქტიკის ძლიერი და სუსტი მხარეები და იმსჯელეს გაუმჯობესების გზებზე.

შეხვედრები გაიმართა ფოთის საზღვაო აკადემიის, ზუგდიდის ტექნოპარკის, მუნიციპალიტეტის მერიების და სხვა ადგილობრივი პარტნიორების ხელშეწყობით. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტი ხორციელდება HELVETAS Swiss Intercooperation-ის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანი საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაა. ამ მიზნის მისაღწევად, პროექტი, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით გამოავლენს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერ ინიციატივებს, გააძლიერებს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებს შორის კოორდინაციას და დანერგავს სიახლეებს სამიზნე რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში.

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პოლიტიკის ინსტიტუტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია და PwC საქართველო.

ამასთან, პროექტი მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოში სხვადასხვა საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან.