“გამჭვირვალობამ” ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ორგანიზაციის დაკვირვებებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, ფოთის საკრებულო საანგარიშო პერიოდში მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა. კერძოდ, მათი დასკვნის მიხედვით, საკრებულო უმეტეს შემთხვევაში ფორმალურად აკონტროლებდა მის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებისა თუ ცალკეულ უწყებათა საქმიანობას.

„ფოთის საკრებულოში ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა; მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საკრებულოს სხდომათა საორგანიზაციო მხარე, განსხვავებით 2020 წლისაგან, 2022 წელს სულ 14 სხდომა ჩატარდა, რომელთაგან მხოლოდ ორი იყო რიგგარეშე; საანგარიშო პერიოდში ფოთის საკრებულომ 53 დადგენილება მიიღო, რომელთაგან 42-ის ავტორი/ინიციატორი იყო ფოთის მერი, 11 დადგენილებისა კი – საკრებულოს ცალკეული კომისიები; ფოთის საკრებულოში გაუმჯობესდა დეკლარაციების სწორად შევსების მაჩვენებელიც. 22 თანამდებობის პირიდან ხარვეზებით დეკლარაცია მხოლოდ ერთმა შეავსო; საკრებულოს 3 ფრაქციიდან ინიციატივა არ ჰქონია მხოლოდ ფრაქციას “ფოთი საქართველოსთვის”; ფრაქციათა მიერ გაწეული საქმიანობის მინიმალური მაჩვენებლის ფონზე, შეუსაბამოდ დიდია მათ ფუნქციონირებაზე გაწეული ხარჯები, რომელმაც ჯამში 416,286 ლარი შეადგინა;

ფოთის საკრებულოში მუშაობს გენდერული თანასწორობის საბჭო, თუმცა წინა პერიოდის მსგავსად, საბჭოს არ განუხორციელებია როგორც სამართლებრივ აქტების ანალიზი, ასევე ექსპერტიზა საკანონმდებლო აქტების პროექტებზე. ფოთის საკრებულოში გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე არცერთი განცხადება, დოკუმენტაცია ან სხვა ინფორმაცია არ შესულა;

შემცირდა საკრებულოს სხდომების გაცდენის მაჩვენებელი, 2022 წელს საკრებულოს წევრებმა საკრებულოს სხდომები 50-ჯერ გააცდინეს, მათ შორის 46-ჯერ არასაპატიო მიზეზით. კომისიების სხდომების გაცდენის 133 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 124-ჯერ არასაპატიო მიზეზით; საკრებულოს წევრთა შორის ყველაზე მეტი – 9 სხდომა არასაპატიო მიზეზით ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მიხეილ ფირცხალავამ გააცდინა, არასაპატიო მიზეზით საკრებულოს სხდომის გაცდენების რაოდენობით ლიდერებს შორის არიან ამავე ფრაქციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია (8 გაცდენა) და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, პაატა ჩაგანავა (7 გაცდენა);

საკრებულოს წევრთა შორის კომისიის ყველაზე მეტი (27) სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ პაატა ჩაგანავამ. კომისიის სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობით ლიდერებს შორის არიან ამავე ფრაქციის წევრი ლაშა რუხაია (14 გაცდენა) და ფრაქციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია (12 გაცდენა). ჩვენი ინფორმაციით, ლაშა რუხაია უკრაინაში მოხალისედ იბრძვის რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ. 2022 წელს ფოთის საკრებულოს 35 წევრიდან სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია საკრებულოს 11 წევრს, მოხსენებით არ წარმდგარა საკრებულოს 27 წევრი; ფოთის საკრებულომ 2022 წელს 1,565,832 ლარი დახარჯა, რაც 272,032 ლარით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით; 2022 წელს შრომის ანაზღაურებაზე 1,343,413 ლარი დაიხარჯა; საკრებულომ 102,159 ლარად შეისყიდა 31.6 ტონა საწვავი, რომლის საერთო ოდენობის 18% – 5,702 ლიტრი ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტყებუჩავამ მოიხმარა; 2022 წელს გაწეული საქმიანობისთვის გაღებული ხარჯების ასანაზღაურებლად 105,134 ლარი მიიღეს იმ წევრებმა, რომლებიც არ იკავებენ თანამდებობას. სატელეფონო კომუნიკაცია ფოთის საკრებულოს 6,683 ლარი დაუჯდა. სამივლინებო ხარჯებმა 8,843 ლარი შეადგინა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, მათი რეკომენდაციაა, რომ საკრებულოს წევრები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი საზედამხედველო საქმიანობაში, უფრო ქმედითად უნდა აკონტროლებდნენ სახელმწიფო შესყიდვების პროცესს, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს;

„აღმასრულებელ ორგანოთა საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიები; საკრებულომ ხელი უნდა შეუწყოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნას, რათა გამჭვირვალედ შეისწავლოს ყველა ის საკითხი, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვის ნიშნები; საკრებულომ უნდა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი;

საკრებულომ აქტიურად და კეთილსინდისიერად უნდა იმუშაოს მუნიციპალიტეტში ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტების გამოვლენაზე.

საგრძნობლად უნდა გაუმჯობესდეს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების სხდომებზე საკრებულოს წევრთა დასწრების მაჩვენებლები. მიგვაჩნია, რომ საკრებულოს ყველა წევრი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკრებულოს სხდომაზე დასწრების საკითხს. საკრებულოს თითოეული წევრის მხრიდან სხდომის გაცდენის საპატიო თუ არასაპატიო მიზეზი უნდა იყოს გამორკვეული და სათანადო ღონისძიებებიც გამოყენებული; აუცილებელია საკრებულოს წევრებმა აქტიურად ისარგებლონ როგორც საკრებულოს, ასევე კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით, წარადგინონ მოსაზრებები განსახილველ საკითხებზე, მიაწოდონ საკრებულოს და მერიას ინფორმაცია მოქალაქეთა კონკრეტული საჭიროებების შესახებ; ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის საქმიანობა სარგებლის მომტანი იყოს შესაბამისი თვითმმართველობისათვის. ფრაქცია აქტიურად უნდა ჩაერთოს საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხილვისა თუ გადაწყვეტის პროცესში, შეისწავლოს/გააკონტროლოს მერიისა თუ მუნიციპალური იურიდიული პირების საქმიანობა; წარსდგეს საკრებულოში ინიციატივებით, აქტიურად ჩაერთოს ბიუჯეტირების პროცესში და ა.შ. ფრაქციები ზრდის თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობას, მხარს უჭერს ადგილობრივ ინიციატივებს, აგრეთვე მოქალაქეთა საჭიროებებისა და პრობლემების ადვოკატირებას. შესაბამისად, მოვუწოდებთ ფრაქციებს, აღნიშნული ინსტრუმენტები აქტიურად გამოიყენონ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს მიერ გაწეული ხარჯები სრულ თანხვედრაში იყოს კანონმდებლობით მისთვის განკუთვნილი უფლებამოსილებების განხორციელებასთან; საკრებულომ მკაცრად უნდა აკონტროლოს როგორც უშუალოდ წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე ზოგადად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯები და ორიენტირებული იყოს ფინანსური რესურსების ეკონომიაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს ფოთის საკრებულოს შეამციროს პეტიციაზე ხელმომწერთა რაოდენობის ქვედა ზღვარი და 1% ნაცვლად დააწესოს 0.5 პროცენტი, რაც გაუადვილებს დაინტერესებულ პირებს პეტიციის მომზადების პროცედურას და „რადგან ფოთში დასახლების საერთო კრება ჯერ არ ჩატარებულა, მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს ინიციატივით ამოქმედდეს ჩართულობის ეს მექანიზმი“.

წყარო