ფოთის მერია იწყებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივების განხორციელებას

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია პარტნიორებთან თანამშრომლობით იწყებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივების განხორციელებას.

მუნიციპალიტეტი ჩაერთო პროექტში – PACA, რაც გულისხმობს კონკურენტული უპირატესობის ამაღლებას თანამონაწილოების გზით. საქართველოს ორი ქალაქი – ფოთი და სენაკი არის შერჩეული ქალაქები ამ საპილოტე პროგრამის განსახორციელებლად.

ადგილობრივი სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტდა ქალაქის თვითმმართველობის, ბიზნესის, სამოქალაქო და საგანმანათლებლო სექტორების წარმომადგენლებით. სამუშაო ჯგუფი, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს PACA-ს ექსპერტთა ჯგუფის ჩართულობით მართავს სამუშაო შეხვედრებს, ფოკუს-ჯგუფებსა და ატარებს ინტერვიუებს ლოჯისტიკის, ტურიზმის, თევზის მრეწველობის სექტორის წარმომადგენლებთან.

პროექტის კვლევითი ეტაპი ითვალისწინებს, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გამოწვევების იდენტიფიცირებას, ინიციატივების შემუშავებას, დასკვნით ეტაპზე – მათ ერთობლივად განხორციელებას.

პროექტი ხორციელდება ეროვნულ სამუშაო ჯგუფთან – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა თანამშრომლობით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით.