- საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე რიონიზე ფოთის ახალი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტი ფოთისთვის და მთლიანად ქვეყნის სატრანსპორტო სისტემისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
“მდინარეზე შენდება ფოლად-რკინა-ბეტონის 8-მალიანი ხიდი, რომლის სიგრძე 436 მეტრია. პროექტი ასევე ითვალისწინებს 2 კილომეტრი სიგრძის მისასვლელი გზების მოწყობას. სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება 60.8 მილიონ ლარს შეადგენს და ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია MIRBUD-CS ასრულებს.
ფოთამდე მისასვლელი ამჟამად მოქმედი გზა გადის ჰიდროკვანძზე, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას. ახალი ხიდის მშენებლობა სრულად მოაგვარებს აღნიშნულ პრობლემას და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, გაზრდის მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას, ასევე უზრუნველყოფს შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას.
ფოთის ახალი ხიდი და მისასვლელი გზები წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის მნიშვნელოვან მონაკვეთს. ახალი ხიდის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას, ისე ქვეყნის ეკონომიკური და ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებას რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.”-აღნიშნულია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

