შეხვედრა გაიმართა წყალარინების პროექტებზე

  • ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ახლად დანიშნულ დირექტორს, დავით კვინიკაძეს შეხვდნენ და მასთან ერთად მიმდინარე წყალარინების პროექტები განიხილეს.

ქალაქ ფოთისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად შეიცვლება სოფელი ნოსირიდან ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული დაზიანებული მონაკვეთები, რომელიც წყალმომარაგებით უზრუნველყოფს ქალაქ ფოთის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში შემავალ 17 სოფელს: ჭალადიდი, ქვემო ქვალოვანი, გოლასკური, ზემო ჭალადიდი, თეკლათი, პატარა ფოთი, საჭოჭუო, შავღელე, ახალი სოფელი, საგვიჩიო, ზემო რეკა, ქვედა რეკა, შუა ქვალონი, შუა ხორგა, ქარიატა გაღმა, ყულევი, ქარიატა გამოღმა. პროექტის დასრულება, ეტაპობრივად, 2027 წლისთვის იგეგმება, რის შედეგადაც, ადგილობრივი მოსახლეობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტი ასევე ითვალისწინებს: ჭაბურღილების, სათავე ნაგებობებისა და სკადას სისტემის მოწყობას. მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდება საქლორატოროსა და სატუმბ სადგურებზეც, მნიშვნელოვნად გაიზრდება წყლის დებიტი. პარალელურ რეჟიმში, ქალაქ ფოთში გრძელდება წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებიც.

კომპანიის დაკვეთით, ქალაქ ფოთში წყალმომარაგებისა და წყალარინების მშენებლობის დროს დაზიანებული საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებიც მიმდინარეობს, რაც ჯამში 17 კილომეტრამდე მონაკვეთზე, 10 ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გულისხმობს.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს