შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა

  • ძლიერმა შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაიტბორა ბულვარის მიმდებარე ქუჩების ნაწილიც.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილე ლუდუკ ხასია, ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა. სანაპირო ზოლზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. პრობლემურ ადგილზე ეწყობა ე.წ. ტეტრაბოტები.

ფოთში ძლიერმა ქარმა მრავალბინიანი კორპუსის სახურავიც დააზიანა, სადაც უკვე მოხდა დროებითი გადახურვის მონტაჟი.

გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები ფოთში გრძელდება, ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია.