ძუკუ ლოლუა-ფოთში პირველი მომღერალთა გუნდის დამაარსებელი

ძუკუ ლოლუა – ქართველი მუსიკოსი, მეჩონგურე, მომღერალი და ლოტბარი. ადამიანი, რომელმაც 1897 წელს ფოთში პირველი მომღერალთა გუნდი დააარსა.

გუნდი გარდა მეგრულისა, აფხაზურ და სვანურ სიმღერებსაც ასრულებდა.

1919 წელს ძუკუ ლოლუამ ფოთში დააარსა “ქართული ხალხური სიმღერების მოყვარულთა საზოგადოება” და მოწაფე ქალ-ვაჟთა გუნდები. 1921 წელს იგი დასავლეთ საქართველოს სახალხო გუნდების ინსტრუქტორად დაინიშნა.

1921 წელს ფოთის რევკომის თავმჯდომარის ბესარიონ გოგიასა და პარტიის ქალაქკომის მდივნის გრიშა მეუნარგიას დავალებით, ძუკუს მიერ დაარსებული ფოთის ქალ-ვაჟთა საქალაქო გუნდი გამოვიდა კომინტერნის III კონგრესისადმი მიძღვნილი ქალაქის მშრომელთა მიტინგზე. მიტინგს დაესწრო საბჭოთა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ფილიპე მახარაძე, რომელიც აღტაცებაში მოიყვანა გუნდის მიერ ქართულ ენაზე შესრულებულმა “ინტერნაციონალმა”. მახარაძის განკარგულებით, გუნდს გამოეყო რბილი ვაგონი საკონცერტო მოგზაურობისთვის.

 მედია წერს: “ძუკუ ლოლუამ პირველი ქართულ-აფხაზური გუნდი შექმნა. ამ გუნდში მღეროდნენ:  მეგრელი, აფხაზი, გურული, იმერელი, სვანი მომღერლები. რეპერტუარში, მეგრულთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა აფხაზურ სიმღერებს, რომლებიც ძუკუმ სოფელ-სოფელ სიარულით შეაგროვა. ამ სიმღერებს იგი ხმის ჩამწერ აპარატზე — ფონოგრაფზე იწერდა. ძუკუმ პირველმა გამოიტანა სცენაზე აფხაზური „აბხიარცა“  „აჭარპანი“,  სვანური „ჭუნირი“ „ჩანგი“ მეგრული „ჩონგური“ და იმერული „დაირა“, მისთვის მიუღებელი იყო ხალხური სიმღერის თვითნებური გადაკეთება, თუმცა ძუკუ საბოლოოდ მაინც ვერ გაექცა ტრადიციულ შესრულებაში მიმდინარე ტენდენციებს. ის ხშირად მიმართავდა ე.წ. კონტამინაციას ანუ ერთი და იმავე სიმღერის სხვადასხვა ვარიანტების გაერთიანებას. ამის თვალსაჩინო მაგალითია მეგრული „მა დო ჩქიმი არაბა“,  ცეკვა „შარათინი“ და „ნადურის აბაშური და ქვალონური“ ვერსიები.

ძუკუ ლოლუა 1877 წლის 8 აპრილს სამეგრელოს რეგიონის სოფელ ქვალონში  აზნაურის ოჯახში დაიბადა. დედა იყო ძუკუს სიმღერის პირველი მასწავლებელი და ჩონგურზე დაკვრაც მან ასწავლა. პატარა ძუკუ გაჭირვების გამო სკოლაში არ დადიოდა და თავისი შრომით ეხმარებოდა ოჯახს. იგი რკინიგზაზე, ქარხნის საფეიქრო სახელოსნოში მუშაობდა, სადაც დაზგაში ფეხი ორჯერ მოჰყვა და თითები დაკარგა. 1891 წლიდან ძუკუ დედამ სასულიერო კარიერის სურვილით გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს გრიგოლ დადიანთან მიიყვანა, რომლის სასახლეში ცნობილი მგალობელ-მომღერლები: ანტონ დუმბაძე, დიმიტრი ჭალაგანიძე, ნესტორ კონტრიძე და სხვები იკრიბებოდნენ. მომავალი ლოტბარი განსაკუთრებით ორ მასწავლებელს — დიმიტრი ჭალაგანიძესა და მანუჩარ დგებუაძეს — ემადლიერებოდა. მალე ძუკუ თავის მხარეში ცნობილ მომღერალ-მგალობლად ჩამოყალიბდა. 1895 წელს მან უკვე ფოთის საეპარქიო სასწავლებელში გალობის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.” 

ფოტო: ინტერნეტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *