წარმატებულ ფოთელ სტუდენტებს ყოველი სემესტრის ბოლოს სტოპენდია გადაეცემათ

  • დღეს, საკრებულოს სხდომაზე, 2 ახალი მუნიციპალური პროგრამა: „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია (ჯილდო) წარმატებული სტუდენტებისათვის“ და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამები დამტკიცდა.

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, სტიპენდიის პროგრამის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების ფინანსური წახალისება, რისთვისაც მუნიციპალიტეტი უფლებამოსილების ფარგლებში, წაახალისებს წარმატებულ სტუდენტებს, რაც ასევე ხელს შეუწყობს გაზრდილი მოტივაციით სწავლის ხარისხის მეტად ამაღლებას. პროგრამის ბიუჯეტი 30 000 ლარს შეადგენს. სტიპენდიანტთა შერჩევა განხორციელდება კონკურსის წესით. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი და მეორე საფეხურის (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა) უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტს – საქართველოს მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო 6 თვის მანძილზე და აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად, ბოლო სემესტრის მიხედვით, სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში (სტუდენტს სემესტრში გავლილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 4 საგანი) აქვს არანაკლებ 81–90 ან 91 – 100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი ან B კატეგორია – კარგი), აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

„ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია (ჯილდო)“ თითოეულ სემესტრში გაიცემა 30 სტუდენტზე, დაფინანსება გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სემესტრულად, მიმდინარე სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით. ერთ სტუდენტზე გაცემული სტიპენდიის ოდენობა თითოეულ სემესტრში 500 ლარს შეადგენს.

კონკურსანტების სიმრავლის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭება აკადემიური მოსწრების საუკეთესო ქულის მქონე კონკურსანტს, ხოლო თანაბარი ქულის არსებობის შემთხვევაში იმ კონკუსანტს, რომელსაც დამატებით წაროდგენილი აქვს სამეცნიერო ნაშრომები, სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში აქტიური მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების შესახებ ინფორმაცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი იქნას არაუგვიანეს 2022 წლის 1 მარტამდე.

დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:ა) განცხადება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;გ) სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები;დ) ამონაწერი სტუდენტის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან;ე) იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის შემთხვევაში, დოკუმენტი დროებითირეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან.ვ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის (აქტიური) შესახებ (დედანი), სემესტრის განმავლობაში გავლილი ყველა სალექციო კურსისა (საგანი) და აკადემიური მოსწრების ქულების მითითებით.„სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის“ პროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის მატერიალურ წახალისებას, სწავლის დაფინანსების მიზნით, კერძოდ: სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, წელიწადში ერთჯერ – 1000 ლარის ოდენობით.

პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა, მათთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სწავლის ხარისხის ამაღლება.

პროგრამის ბიუჯეტი 20 000 ლარს შეადგენს. სტუდენტმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:ა) განცხადება მერის სახელზე;ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;გ) აკრედიტებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები;დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. ე) ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ;ვ)აკრედიტებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ; ზ)ამონაწერი სტუდენტის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *