ნიკოლაძის სანაპიროზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

  • ფოთის მერიის ინფორმაციით, ნიკოლაძის სანაპიროზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, 1 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი.

თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყო: გარე განათების სისტემა სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გადასასვლელი ხიდბოგირები, უსაფრთხოების კუნძულები, ტროტუარი (მოსახლეობის მხარეს), ველო ბილიკი, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და მოინიშნა გზა.

პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ნიკოლაძის ხეივანი, სადაც შეიქმნება სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვის მქონე – სპორტული, საბავშვო და საზოგადოებრივი სივრცე. ასევე, განხორციელდება რიონპირა ჯებირის რეკონსტრუქცია.

უწყების ცნობით, იგეგმება საფეხმავლო ბილიკების, საპარკო განათებების, გამწვანებული სარეკრეაციო სივრცეებისა და მცირე ზომის ამფითეატრის მოწყობა.

ტერიტორია, სრულად, ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.