შვილიშვილები პავლე ინგოროყვაზე

ჟურნალი “გზა” :

ნინია ახვლედიანი, პავლე ინგოროყვას შვილთაშვილი:
– პავლე დედის მხრიდან ჩემი დიდი ბაბუა იყო. როცა დედაჩემის დედას მამა გარდაეცვალა, მამის ძმამ, პავლემ საკუთარი ძმისშვილები შვილებივით გაზარდა. თვითონ შვილი არ ჰყავდა. მართალია, თავად ამას აპროტესტებდა, მაგრამ ძმისშვილები მამას ეძახდნენ. 2 წლის ვიყავი, როცა პავლე გარდაიცვალა. საოცრებაა და ალბათ დაუჯერებელი, მაგრამ როცა გოგებაშვილზე, ჩვენს სახლში მივდიოდი, კადრად მახსოვს, როგორ ეჯდა ბებია საწოლთან თეთრწვერა პავლეს და მაწონს აჭმევდა. პავლეს ლურჯი ქუდი ეხურა. დედას მონათხრობიდან ვიცი პავლეს სიყვარულის ამბავი, რამაც ის სულ სხვა ჭრილში დამანახვა ანუ ასეთ დიდ საზოგადო მოღვაწეს, ადამიანს, რომელმაც სამშობლოს და ქართულ ენას შესწირა მთელი ცხოვრება, როგორი სიყვარული შეძლებია ქალის მიმართ. მას ქეთევან ბაქრაძე, არაჩვეულებრივი, ულამაზესი, არისტოკრატიული გარეგნობის, დახვეწილი, ევროპულად მოაზროვნე ქალი უყვარდა. როცა ის ცოლად სხვას გაჰყვა, პავლემ სასოწარკვეთისგან თვითმკვლელობა სცადა: ტყვია გულში ისროლა. რთული წარმოსადგენია, მაგრამ ტყვია გულთან გაჩერდა და პავლე გადარჩა. ის ტყვია კი სიცოცხლის ბოლომდე არ ამოაღებინა სხეულიდან, სიყვარულის ნიშნად დაიტოვა. მოგვიანებით, ქეთო ქმარს გაშორდა და ცოლად პავლეს გაჰყვა. სამაგალითო და ბედნიერი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ სიცოცხლის ბოლომდე. ქეთო არაჩვეულებრივი მთარგმნელი იყო. მან დიკენსის “დევიდ კოპერფილდი” თარგმნა, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო თარგმანად მიიჩნევა. ქეთომ ზუსტად იცოდა, ვინ იყო პავლე, ვის გვერდით ცხოვრობდა და საოცრად აფასებდა მას…

– მკაცრი ხასიათი ჰქონდა?

– დედასგან ვიცი, რომ უფრო თბილი იყო, ვიდრე – მკაცრი. მუდმივად საქმეში ჩაფლული, მილიონი ფურცლითა და წიგნით გარშემორტყმული… თურმე, გამოვიდოდა თავისი ოთახიდან და იკითხავდა: “მე დღეს ვჭამე?” ანუ ჭამა მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ არ წაქცეულიყო. ვიცი კიდევ ბაბუას, გუგული მგელაძის მონათხრობი: “ცეკას” მდივანი შევარდნაძე უკვე ძალიან მოხუც და სკლეროზით დაავადებულ პავლეს მონახულებას აპირებდა. გუგული იუმორით გვიყვება: შევდიოდი და “ვავარჯიშებდი”, – შევარდნაძე რომ გკითხავს, ხომ არაფერი გნებავთო? უნდა უთხრა, რომ ბინა გვჭირდებაო. ერთხელაც, გუგულიმ პავლეს “გამოცდა” მოუწყო და ვითომ, შევარდნაძე იყო, ოთახში თავად შევიდა. მოიკითხა, გაესაუბრა და გასვლისას მიუბრუნდა: ხომ არაფერი გჭირდებათო?.. პავლემ მიიხედ-მოიხედა თურმე და ჩუმად იკითხა: ჩემი სიძე აქ ხომ არ არისო? მერე კი “შევარდნაძეს” უთხრა: “საქართველოს მიმიხედე, საქართველოს!” ინტერვიუზე მისულს ერთხელ თამაზ ჩხენკელმა მითხრა, სარფი დღეს ჩვენი რომ არის, ეს პავლეს დამსახურებააო.
გიო მგელაძე, პავლე ინგოროყვას შვილიშვილი:

– 14 წლამდე პავლესთან ვიზრდებოდი. შეიძლება ითქვას, ასკეტურად ცხოვრობდა. 24 საათიდან 20-ს მუშაობაში ატარებდა. მხოლოდ იმ პერიოდში შეწყვიტა საქმიანობა, როცა მისი მეუღლე ავად გახდა. ლოგინად მყოფი ქეთოს მოვლა პავლემ იკისრა და ის დრო საყვარელ მეუღლესთან ერთად გაატარა. მახსოვს, უყვარდა სიტყვა “მაშასადამე”. ხშირად მეუბნებოდა: კომუნისტებს არ დაუჯერო, ბაბუ, “ჟულიკები” არიანო… ძალიან მძიმე პორტფელით დადიოდა. ავტობუსშიც კი ამოიღებდა ხოლმე თავის ფურცლებს და მუშაობდა ან კითხულობდა… თუ სადმე ვინმეს დალოდება მოუწევდა, დროს არ კარგავდა. ახლაც კი მაოცებს ხოლმე მის წიგნებში გაკეთებული შენიშვნები, ნებისმიერ მეცნიერებაზე ჰქონდა თავისი წარმოდგენა, აკეთებდა ანალიზს… პავლე ნებისმიერი მთავრობისგან დევნილი იყო. რეპრესიების პერიოდში ოთხი წელი ქეთოსთან ერთად, მეუღლის სოფელში გაატარა. ალბათ არც უნდოდათ მისი ფიზიკური განადგურება, თორემ ბუნებრივია, იქ მისი მიგნება არ გაუჭირდებოდათ… ერთ ამბავს გავიხსენებ, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე: მესამე კლასში ვიქნებოდი. კარზე ზარი დარეკეს. გავაღე და ზღურბლთან ძალიან მაღალი სასულიერო პირი დავინახე. პავლე იკითხა. ოთახში შევუძეხი. პავლე იწვა. ეს ადამიანი მეუფე აღმოჩნდა. პავლეს ოთახში შესულმა საწოლთან დაიჩოქა და ბაბუას ბიბლია გადასცა. უთხრა, რომ პატრიარქისგან ჰქონდა ასეთი კურთხევა. ეს ძალიან ემოციური სურათი გახლდათ…

– პარადოქსია, მაგრამ პავლე ინგოროყვა ისე გარდაიცვალა, აკადემიკოსის ხარისხი არ ჰქონდა…
– ვისაც პავლეს პიროვნებასა და ცხოვრებაზე წარმოდგენა აქვს, იცის, რომ ეს ფაქტი მისი პერსონისთვის, მისი ცხოვრების მრწამსისა და წესისთვის ორგანულია. პავლეს საკანდიდატოც არ ჰქონდა დაცული. სახლში გვაქვს 40-იანი წლების 4 აკადემიკოსის წარდგინება. კონსტანტინე გამსახურდიამ, გალაკტიონმა და გოგლა ლეონიძემ წარადგინეს აკადემიკოსად, მაგრამ ბოლშევიკებმა არ მიიღეს ეს წინადადება. იზა ორჯონიკიძემ ლიტერატურის მუზეუმში პავლეს 85 წლის იუბილე გამართა. მიუხედავად იმისა, რომ იუბილე არაფორმალურად ჩატარდა, მეორე დღეს იზა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მე ვესწრებოდი ამ იუბილეს, სადაც იმ ეპოქის მნიშვნელოვანი მოღვაწეები საოცარ ამბებს იხსენებდნენ, აღიარებდნენ პავლეს გენიალურობას. მაშინვე გამიჩნდა კითხვა საკუთარ თავთან: ასეთ გენიოსად თუ აღიარებდნენ, რატომ არავინ მოსულა მასთან სახლში, არ უკითხავს როგორ იყო, რაზე მუშაობდა?! უკვე შეუძლოდ გახლდათ, ამ საღამოს არ დასწრებია და ყველაფერი მე ვუამბე. იუბილეზე კაკო ბაქრაძე გამოვიდა წინადადებით, – პავლესთვის აკადემიკოსობის მინიჭების მოთხოვნით აკადემიასთან ტრანსფარანტებით მისულიყვნენ. მაშინ რეზო თვარაძემ თქვა: ვეთანხმები კაკოს, მაგრამ დღევანდელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია არის კი ღირსი პავლე ინგოროყვა მისი წევრი იყოსო?! შეთანხმდნენ, რომ – არა. კარგიც არის, რომ აკადემიკოსი არ გახდა. მისი ნებისმიერი, ერთი პატარა მონოგრაფიაც კი სადოქტორო დისერტაციაა. რეგალიებს, სტატუსებს არ ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა. ჰოდა, იმას, რასაც არ სცნობდა, არც ფლობს…

– სიცოცხლის ბოლომდე ახერხებდა მუშაობას?

– ბოლო 5 წელი ავად იყო, ვერ მუშაობდა. გონება ხშირად ღალატობდა, მაგრამ მე ყოველთვის მცნობდა… ეჭვი მაქვს, რომ მას უბრალოდ, უფროსებთან ურთიერთობა მობეზრდა და “ვერცნობას” მხოლოდ იმიზეზებდა. ერთი თვალით საერთოდ ვერ ხედავდა, მეორეთი – ძალიან ცუდად. ერთხელ, მის ოთახში შევედი, შუქი ავანთე. საწოლში მჯდომს წინ გადაშლილი წიგნი ედო, – ვკითხულობო. მჯერა, მართლა კითხულობდა, მხოლოდ – არა თვალებით… მგონია, რომ მეტაფიზიკური კონტაქტი ჰქონდა – ხან იოანე ზოსიმესთან, ხან რუსთაველთან, ხან გიორგი მერჩულესთან ურთიერთობდა… 14 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის დღეს ასევე, თვითმფრინავის გატაცებისას გარდაცვლილ აეროპორტის თანამშრომლებს კრძალავდნენ. უმაღლეს სასწავლებლებს ავტობუსები მიაყენეს და იძულებით წაიყვანეს სტუდენტები მათ დაკრძალვაზე მხოლოდ იმ მიზნით, რომ პავლეს დაკრძალვას არ დასწრებოდნენ. ნეშტი მწერალთა კავშირიდან გამოასვენეს. დისიდენტი მწერლები ითხოვდნენ, რომ მთაწმინდაზე დაეკრძალათ. ბოლშევიკი მწერლები კი ამბობდნენ, – დიდუბეში უნდა დაიკრძალოსო. ბოლოს, დისიდენტებმა მოილაპარაკეს: ფეხით გამოვასვენებთ და მთაწმინდის ასახვევს რომ მივუახლოვდებით, გავთხრით საფლავს და დავასაფლავებთო. თავს უფლება მივეცი და მე, პატარა ბიჭი ჩავერიე: მართალია, მთაწმინდა ეკუთვნის, მაგრამ ფორმა მიუღებელია! სათამაშო ხომ არ არის, ასე ატარონ-მეთქი?! დიდუბის ეკლესიაში, ბოლოს და ბოლოს, თამარ მეფეს აქვს ჯვარი დაწერილი. ასე რომ, მწერალთა კავშირიდან პავლე ფეხით მიასვენეს დიდუბის ეკლესიამდე. პანთეონის კარიბჭესთან, სასახლეს მამაკაცები გამოეცალნენ და ქალები შეუდგნენ; მანამდე ასეთი ფაქტი ნიკოლოზ ბარათაშვილის გადმოსვენებისას მოხდა.

– ბოლო დროს რაზე მუშაობდა?

– ხეთურ იეროგლიფებზე. როგორც იცით, მან საგალობლების 60% გაშიფრა. ეს იყო მსოფლიო მოვლენა. ვფიქრობ, მხოლოდ მეცნიერული ლოგიკით ამის ახსნა წარმოუდგენელია. მგონია, რომ მას გარკვეული “მეტაფიზიკური გასაღები” მიეცა არამატერიალური სამყაროდან… პავლე თავად ამბობდა, რომ ხეთური იეროგლიფები ანუ კაცობრიობის მიერ დღემდე წაუკითხავი ტექსტები ამოხსნა. ამ საკითხებზე ვმუშაობთ. როცა საბოლოოდ დამტკიცდება, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი საჩუქარი კაცობრიობისთვის.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *