ფოთში, სკრინინგ აქცია გაიმართა

  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ფოთში, მასშტაბური სკრინინგ აქცია გაიმართა.

აქციის მიზანი მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ ჩაეტარებინათ სკრინინგული კვლევები ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს, ასევე B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის და ჰიპერტენზიის მიმართულებით.

სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება. კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები უზრუნველყოფს როგორც გამოკვლევებს, ისე – მკურნალობის დაფინანსებას.

16 მარტიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 176 სკრინინგ აქცია ჩატარდა, აქედან ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩაუტარდა 11 ათასამდე ბენეფიციარს, ხოლო ამ აქციებზე ჩატარებული ყველა სახეობის სკრინინგის ჯამურმა რაოდენობამ 56 ათასს გადააჭარბა.

აქციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილე ეკა ადამია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე, ვიცე მერი ლექსო თოდუა, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა მხეიძე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს