ფოთის პორტში ნატოს 4 ხომალდი შემოვიდა

  • საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი (SNMG2) შემოვიდა, რომლის შემადგენლობაში შედის: საფლაგმანო ხომალდი “CRISTOBAL COLON” (ესპანეთი), “REGINA MARIA” (რუმინეთი), “KEMALREIS” (თურქეთი) და “SMELI” (ბულგარეთი).

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შენაერთს კონტრადმირალი მანუელ აგირე ალდერეგია ხელმძღვანელობს.

ფოთის პორტში სტუმრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები დახვდნენ.

ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.

ნატოს ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 18 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი წვრთნების დასრულების შემდგომ დატოვებენ.