ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

  • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს კონკურსს სსიპ ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი 2022 წლის 17 ოქტომბერს გამოცხადდა. მიღებულ იქნა ორი კანდიდატის საკონკურსო დოკუმენტაცია, თუმცა, კონკურსის შედეგად, სამინისტროსთან არსებულმა პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევმა სარეკომენდაციო საბჭომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს დასანიშნად არ წარუდგინა სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატი, ვინაიდან კონკურსანტთაგან ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა.

“სამინისტროსათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს თეატრალურ სფეროში მომუშავე, საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილების იურიდიულ პირს, ან ასეთ პირთა საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.

კანდიდატი ვალდებულია, წარმოადგინოს საკუთარი თვალსაზრისი თეატრის განვითარების შესახებ და კონცეფცია, რომლითაც უნდა ახსნას, როგორ წარმოუდგენია თეატრის განვითარება; როგორ შესთავაზებს მოწვეული ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ დადგმულ სპექტაკლებს საზოგადოებას; როგორ შეუწყობს ხელს თეატრი ახალგაზრდა მსახიობებს, რეჟისორებს, დრამატურგებს, თეატრის მხატვრებსა და სხვა პროფესიონალებს; როგორ გეგმავს თეატრის მონაწილეობას ქალაქისა თუ რეგიონის სოციალურ-კულტურული განვითარების პროცესში და სხვა.

თითოეული კანდიდატი საკონკურსოდ წარადგენს ოთხწლიან სამოქმედო გეგმასა და სამოქმედო პროგრამას, რომლის შესრულების ვალდებულებას ის იღებს სახელმწიფოს წინაშე.

როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულება (იხ. https://cutt.ly/cYbYx8Z). დებულების თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში კონკურსს აცხადებს კულტურის სამინისტრო, ხოლო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით.

გარდა ამისა, დებულების თანახმად, სამინისტრომ უნდა შეარჩიოს არანაკლებ ორი და არაუმეტეს სამი კანდიდატისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იქნება მხოლოდ ერთი კანდიდატი. კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.

საბჭოსათვის კანდიდატთა სიის წარდგენამდე სამინისტრო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და ხელახლა გამოცხადების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატთაგან არცერთი არ დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად. სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, კონკურსის გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში მინისტრს წარუდგინოს შერჩეული კანდიდატი”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.

განაცხადები მიიღება 2023 წლის 23 იანვრიდან 17 თებერვლის ჩათვლით, ან ნაბეჭდი სახით სამინისტროში (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4), ან ელექტრონული ვერსია სამინისტროს ოფიციალური ელფოსტით – info@culture.gov.ge. ინფორმაცია კონკურსის ვადებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://cutt.ly/EYOmnVc