ფოთისთვის შეიქმნა ვიზუალური იდენტობის ახალი მოდელი

  • ქალაქ ფოთისთვის შეიქმნა ვიზუალური იდენტობის ახალი მოდელი, რომელიც ფართო საზოგადოებას ოფიციალურად წარედგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ქალაქის ბრენდ სტრატეგია მიზნად ისახავს ფოთის, როგორც შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპორტო, თანამედროვე, ღია და ინოვაციური ქალაქის იმიჯის გაძლიერებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ის აერთიანებს ქალაქის ისტორიულ მემკვიდრეობას, გეოგრაფიულ მნიშვნელობასა და განვითარების ახალ ეტაპს.

„შავი ზღვის კარიბჭე, სადაც მემკვიდრეობა ხვდება ახალ შესაძლებლობებს“- ეს არის ახალი სლოგანი, რომელიც ხაზს უსვამს ქალაქის სტრატეგიულ მდებარეობას და მის როლს როგორც სატრანზიტო, ისე კულტურული მიმართულებით. ქალაქი, რომელიც არა მხოლოდ ამაყობს თავისი წარსულითა და ისტორიული მემკვიდრეობით, არამედ ამ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით გეგმავს და ქმნის საკუთარ მომავალს.

ფოთის ახალი ლოგო წარმოადგენს ქალაქის როგორც ბუნებრივი, ასევე ურბანული თავისებურებების სინთეზს. ის აერთიანებს ელემენტებს, რომლებიც ასახავენ ფოთის როგორც ზღვისპირა საპორტო ქალაქის იდენტობას, მის უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას და ქალაქის ურბანულ სტრუქტურას.

ახალი ბრენდ სტრატეგია არ არის მხოლოდ ვიზუალურ განახლება, ეს არის ქალაქის ამბიცია და სურვილი, შექმნას უფრო მეტი შესაძლებლობა ადგილობრივებისთვის, ტურისტებისთვისა და ინვესტორებისთვის, რომ ფოთი აღიქმებოდეს, როგორც მომავლის ქალაქი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული საკუთარ წარსულთან და ისტორიასთან.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.