ფოთში ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი წყალსათხილამურო სპორტში საზეიმოდ დაიხურა

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი წყალსათხილამურო სპორტში საზეიმოდ დაიხურა.

სამი დღის განმავლობაში, ფოთი, ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის საუკეთესო წარმომადგენლებს მასპინძლობდა. ჩემპიონატში 20 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ღირსებას სამი ფოთელი სპორტსმენი – გენადი გურალია, ცოტნე ბერაია და გიორგი შონია იცავდა.

ჩემპიონატის ფარგლებში გამარჯვებულები სამ დისციპლინაში – სლალომში, ფიგურულ სრიალსა და ტრამპლინიდან ხტომაში გამოვლინდნენ.

დახურვის ცერემონიაზე მაყურებლების წინაშე წარსდგა ქართული ნაციონალური ბალეტი – სუხიშვილები.

ტურნირი, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაცია და ფოთის ტბის კლუბი. ღონისძიება წყალსათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (IWWF) პატრონაჟით მიმდინარეობდა.

ფოთის მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნულ ფედერაციას, „ფოთის ტბის კლუბს“, ჩემპიონატის ორგანიზატორებს, ჩემპიონატის წარმატებულად განხორციელებისათვის გაწეული მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

ჩემპიონატის წარმატებით დასრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფოთი საერთაშორისო დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის მრავალწლიან ტრადიციას წარმატებით აგრძელებს.