კამერუნის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

“კამერუნის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 2000 ლარამდე შეადგინა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (მუხლი 58 პრიმა 2, მე-7 ნაწილი) საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად სცნო და 65 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

კამერუნის დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.