ცენტრალურ პარკში სკვერის ბიბლიოთეკა “წიგნის ბუდე” მოეწყო

  • ფოთის ცენტრალურ პარკში სკვერის ბიბლიოთეკა “წიგნის ბუდე“ მოეწყო.

ფოთის მერიის ინფორმაციით, სკვერის ბიბლიოთეკიდან, ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, აიღოს წიგნი და მისთვის ხელსაყრელ გარემოში წაიკითხოს, წაიღოს შინ, დააბრუნოს ან ჩაანაცვლოს ახალი ლიტერატურით.

ცენტრალურ პარკში მოწყობილი “წიგნის ბუდე”, რომელიც სიმბოლურად ნიკო ნიკოლაძის კოშკის მაკეტის ფორმისაა, უკვე აღიჭურვა წიგნებით.

სკვერის ბიბლიოთეკის პრეზენტაციას, ფოთის მერის მოადგილე ლექსო თოდუა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, ,,პროკრედიტ ბანკის” წარმომადგენლები და ფოთელი ახალგაზრდები დაესწრნენ.

საგანმანათლებლო პროექტი “წიგნის ბუდე’’ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით და “პროკრედიტ ბანკის” მხარდაჭერით, რამდენიმე წელია ხორციელდება და სხვადასხვა ქალაქში სკვერის ბიბლიოთეკის მოწყობას ითვალისწინებს.

აღნიშნული ღონისძიების შემდეგ, ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, გაიმართა საჯარო ლექცია ,,წიგნიერება”, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე უძღვებოდა.