ფოთში გზის რეაბილიტაცია 18 ქუჩაზე ხორციელდება

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ქალაქის სხვადასხვა უბანში ინტენსიური სამუშაოები გრძელდება.

უწყების ცნობით, ჯამში, გზის რეაბილიტაცია 18 ქუჩაზე ხორციელდება, ხოლო 9 ქუჩის მოწყობაზე ელექტრონული ტენდერია გამოცხადებული.

“მალთაყვის უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება – ბარამიძის, ჭყონდიდელის, მეუნარგიას, ნუცუბიძის და კოლხეთის ქუჩებზე. უახლოეს პერიოდში დაიწყება ამირანაშვილის, კაკულიას და ჩოლოყაშვილის ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში იგება ასფალტ-ბეტონის საფარის ორი ფენა, ეწყობა ახალი სანიაღვრე და გარე განათების სისტემები.

მიმდინარე სამუშაოები ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად დაათვალიერა.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ფოთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული სამუშაოები, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ბიუჯეტის მხარდაჭერით ხორციელდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.